მოახლოებული არჩევნების წინ შიდა პოლიტიკური მღელვარება ორი არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართ მიღებულმა გადაწყვეტილებამაც გაამწვავა.
გასცდნენ თუ არა მესამე სექტორის ცალკეული წარმომადგენლები საკუთარ მანდატს – ხელისუფლების ოპონენტები ანტიკორუფციული ბიუროს დადგენილების გაუქმებას მოითხოვენ. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ და მოძრაობა „აირჩიე ევროპას“ საარჩევნო მიზნის მქონე სუბიექტებად მიჩნევა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვად და რეპრესიებად ფასდება. ვადა ოთხ დღეში იწურება, თუმცა მაკონტროლებელი უწყების მოთხოვნის შესრულება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. ეკა გიგაურმა, ხათუნა ლაგაზიძემ და მათი ხელმძღვანელობით მოქმედმა ორგანიზაციებმა ახლა ის წესები უნდა დაიცვან, რაც პარტიებზე ვრცელდება, ანუ ფინანსური ანგარიშები უნდა წარადგინონ. სად გადის ზღვარი აგიტაციასა და გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში მოქმედებას შორის – დავა შესაძლოა სამართლებრივ სივრცეში გაგრძელდეს.