დაძაბული და ხმაურიანი განხილვის დროს არაერთხელ ახსენეს გიორგი გახარიას პარტიის წევრის რეზონანსული განცხადება.
საკმაოდ მძიმე რეაქციები გამოიწვია მიხეილ დაუშვილის გუშინდელმა გამოსვლამ, რა დროსაც ოპოზიციონერმა დეპუტატმა საქართველოს საერთაშორისო იზოლაციის საფრთხეზე მიანიშნა და ამ კონტექსტში ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის შესაძლო გადახედვაზე მიუთითა. კოლეგის გზავნილში პრობლემას ვერ ხედავს დანარჩენი ოპოზიციური სპექტრი. განსხვავებით ხელისუფლებისგან, რომელმაც ყოფილი პრემიერის გუნდის წევრის განცხადებიდან მუქარა და პოლიტიკური დავალება ამოიკითხა. მმართველი გუნდიდან დღეს ოპონენტებს რამდენჯერმე შეახსენეს, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არ აღიარება მოცემულობაა და არა სავაჭრო თემა. რა იგულისხმა დაუშვილმა – ექს-პრემიერის გუნდს დამატებითი განმარტებები აღარ გაუკეთებია.