გამაფრთხილებელი აქცია პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან.
წინა ხელისუფლების მმართველობის დროს დაზარალებული ადამიანები სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებენ, არ შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი, რომლის სასჯელის გადავადებაზე ხვალ მოსამართლე გიორგი არევაძემ უნდა იმსჯელოს. სასამართლო პროცესის წინ ათონელის რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორია „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს მოკლული ადამიანების ოჯახის წევრებმა დაიკავეს. შეწყალების მექანიზმის გამოყენების შემთხვევაში დაზარალებული ოჯახები სამოქალაქო დაპირისპირებას პროგნოზირებენ და მასშტაბური აქციებით იმუქრებიან. ახლა მთავარი კითხვაა, გადახედავს თუ არა პრეზიდენტი პოზიციას, რომელიც ჯერ კიდევ ერთი წლის წინ საკმაოდ მკაფიო განცხადებით დაფიქსირდა – „არა და არასოდეს“. შეწყალებისკენ ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერთა არაერთი მოწოდების ფონზე ეჭვებს ის გარემოებაც აჩენს, რომ სააკაშვილთან დაკავშირებულ კითხვაზე პასუხის გაცემის დროს სალომე ზურაბიშვილმა დღეს ტონი შეარბილა. დღევანდელი პასუხი, ისევე როგორც აქციის მონაწილეებისადმი მიმართვა რეზიდენციის წინ შეკრებილებისთვის შეურაცხმყოფელი აღმოჩნდა.