კეკელიძის ქუჩაზე ჩატარებულმა გამოსახლების პროცედურამ ოპოზიციის ერთი ნაწილის დღის წესრიგში აქციების დაწყების მოთხოვნა გაააქტიურა.
თაკო ჩარკვიანი პოლიტიკურ პარტიებს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო გამოსვლების დაწყებისკენ მოუწოდებს. ცენტრალურ გამზირზე კარვების და ლეიბების გაშლის იდეას პარტიის „კანონი და სამართალის“ ლიდერი ოპოზიციას კიდევ ერთხელ სთავაზობს, თუმცა მისი მიმართვის ადრესატები არ არიან გიორგი გახარია და „ლელოს“ ცალკეული ლიდერები, რომლებიც დღეს მწვავედ გააკრიტიკა. თუმცა ჩარკვიანის მხრიდან 2021 წლის არჩევნების შემდეგ გაჟღერებული და ჩავარდნილი ინიციატივა დიდი ალბათობით ახლაც უპასუხოდ დარჩება. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების სამზადისში მყოფი ოპოზიციური პარტიების დღის წესრიგში აქციების გამართვა ამ ეტაპზე ნაკლებად აქტუალურია.