ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, საპროტესტო აქციაზე დაშავებული რვა სამოქალაქო პირი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მათგან ერთი კლინიკიდან უკვე გაწერეს. უწყების ინფორმაციით, საავადმყოფოებში მყოფი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. დაშავებულებს აღენიშნებათ სხვადასხვა სახის დაზიანება, მათ შორის: ჭრილობები სახის, თავისა და სხეულის სხვადასხვა ნაწილზე, ასევე ინტოქსიკაცია და სასუნთქი გზების გართულებები. ჯანდაცვის სამინისტრო იუწყება, რომ საპროტესტო აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების 20 ბრიგადა იყო მობილიზებული.