ცოტა ხნის წინ ხმაური იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსთან, სადაც იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ლექციას ატარებდა. საპროტესტო აქციების ერთ-ერთი აქტივისტი და ორგანიზატორი ნიკო მანაგაძე და სტუდენტთა ნაწილი დღეს უნივერსიტეტის მეორე კორპუსთან შეიკრიბნენ.
გასული კვირის მსგავსად, მათივე განცხადებით, შეკრების მიზანი „სირცხვილის კორიდორის“ მოწყობა იყო. აქციის მონაწილეები შეძახილებითა და სასტვენებით დახვდნენ ლექციაზე შემსვლელ ახალგაზრდებსაც. ადგილი ჰქონდა ურთიერთშელაპარაკებასაც. აქციაზე იმყოფებოდა ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძეც, მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.