საპროტესტო გამოსვლა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით.
უკვე მეოთხე საათია, თბილისის ცენტრში აქცია მიმდინარეობს. თავისუფლების მოედანზე „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ აქციაზე პარტიის მხარდამჭერები და აქტივისტები სხვადასხვა რეგიონიდან არიან ჩამოსულები. აქციას სხვა ოპოზიციური პარტიები არ უერთდებიან, თუმცა ინდივიდუალურად მივიდნენ პოლიტიკოსები, ასევე ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. მთავარი მოთხოვნა პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის გამოშვებაა. ვალერი გელაშვილის ცემის და სანდრო გირგვლიანის საქმის შეწყალების ეპიზოდზე გამამტყუნებელი განაჩენების არსებობის და სტრასბურგის სასამართლოს 2011 წლის გადაწყვეტილების მიუხედავად, თანაგუნდელები ექს-პრეზიდენტს მაინც პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევენ. პარტიის ლიდერები პოლიტიკურ მართლმსაჯულებას აპროტესტებენ და სამართლიან სასამართლოსთან ერთად ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებსაც ითხოვენ, რომლის მიღწევაც თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურით ესახებათ. სიტყვით გამოსვლებთან ერთად სრულდება მუსიკალური ნომრები. აქციის მსვლელობისას ლიდერები მხარდამჭერებს მომავალ სამოქმედო გეგმასაც გააცნობენ.