აქცია - „საქართველოს გზა ევროპისკენ“

ამ წუთებში თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მიერ ორგანიზებული ღონისძიება იმართება სახელწოდებით – „საქართველოს გზა ევროპისკენ“. ღონისძიების ინიციატორი პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციაა და დღევანდელი შეკრება ევროპის საბჭოს თავმჯდომარედ საქართველოს არჩევას ეძღვნება.

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე აცხადებს, რომ დღეს არის საზეიმო ღონისძიება ყველა იმ ადამიანისთვის, ვისთვისაც საქართველოს ევროპული მომავალი ღირებული და მნიშვნელოვანია. ამ დღესთან დაკავშირებით, პარტიამ საქართველოს რეგიონებიდანაც მიიწვია მხარდამჭერები და მათ ტრანსპორტირებასაც უზრუნველყოფს.

ღონისძიებაზე დასასწრებად მოქალაქეები თბილისში უკვე ჩამოვიდნენ აჭარიდან ქუთაისიდან, თელავიდან, სამცხე-ჯავახეთიდან და სხვა რეგიონებიდან. ღონისძიებას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრება.