რესპუბლიკური საავადმყოფოს რეორგანიზაცია ერთი თვით გადაიდო – ჯანდაცვის სამინისტრო პროცესს 15 თებერვლის ნაცვლად, 15 მარტს დაასრულებს. საუბარია საკომპენსაციო პაკეტით გათვალისწინებული შეთავაზებების ვადაზე. კლინიკის პერსონალს საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისთვის დამატებითი დრო მიეცემა.
რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები პოზიტიურად აფასებენ ამ გადაწყვეტილებას და ამბობენ, რომ მეტი დრო ექნებათ უწყების დასარწმუნებლად, რომ რეორგანიზაციის პროცესი შეჩერდეს. მათივე თქმით, საპროტესტო აქციებს მაინც გააგრძელებენ, თუმცა დიალოგის დაწყების პერსპექტივას არ გამორიცხავენ.