საპროტესტო აქცია გამართეს პენიტენციურ დეპარტამენტთან პატიმრის, ავთანდილ სოფრომაძის ოჯახის წევრებმა და უფლებადამცველებმა. მათი განცხადებით, პატიმარმა, რუსთავის მე-6 პენიტენციურ დაწესებულებაში 2019 წლის 5 მაისს ფიზიკური დაზიანება მიაყენა საკუთარ თავს, რადგან მასზე დაწესებულების უფროსი შოთა ტრაპაიძე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდა. პატიმარმა დაზიანება მუცლის არეში მაკრატლით მიიყენა.
აქციის მონაწილეების ბრალდებებს განცხადებით უპასუხა იუსტიციის სამინისტროს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა: „მსჯავრდებულმა ავთანდილ სოფრომაძემ 5 მაისს თვითდაზიანება მიიყენა კანზე, მუცლის არეში და უარს აცხადებს სამედიცინო დახმარებაზე. ავთანდილ სოფრომაძემ დაზიანება მიიყენა ფრჩხილების საჭრელი პატარა მაკრატლით, რომლის წვერი კანქვეშ აქვს დაფიქსირებული (ხელით) და უარს აცხადებს ლითონის საგნის ამოღებაზე. მსჯავრდებული იმყოფება ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ავთანდილ სოფრომაძე ცრუობს, როდესაც ამბობს, რომ პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაცია მასზე ზეწოლას ახდენს“,- ნათქვამია განცხადებაში.