უკრაინას სოლიდარობას უცხადებენ საქართველოდანაც.
„ეს არის საქართველო, დიდება გმირებს“ – ამ ლოზუნგით უკვე მესამე საათია, თბილისში, რუსთველის გამზირზე აქცია მიმდინარეობს. სამი პოლიტიკური ძალის, – „სტრატეგია აღმაშენებლის“, „დროას“ და „გირჩი – მეტი თავისუფლების“ მიერ ორგანიზებული გამოსვლის მიზანი ომში მყოფი უკრაინის მიმართ მხარდაჭერის და სოლიდარობის გამოხატვაა. გამომსვლელებს შორის არიან უკრაინის მოქალაქეებიც. იყო ჩართვები კიევიდან, მათ შორის კიევის მერის მიმართვა. პარლამენტის წინ იმყოფებიან სხვა პარტიების წარმომადგენლებიც. ოპოზიციის ნაწილმა კი ჯერ კიდევ ერთი თვის წინ დაანონსებულ აქციაზე მისვლისგან თავი შეიკავა.
ცოტა ხნის წინ ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ორშაბათიდან ხელისუფლების შესაცვლელად ახალი მოძრაობის დაწყება დააანონსა.