ხაშურის წყალმომარაგებისა და წყალარინების პროექტზე დასაქმებული მუშები გაიფიცნენ. თურქული კომპანია „იდას“ ქვეკონტრაქტორი უცხოური საწარმო „ავეს“-ში დასაქმებულებმა მუშაობა შეაჩერეს. გაფიცულები არიან სპეცტექნიკის მძღოლები და ტექნიკური პერსონალი. ისინი ორი თვის გაუცემელი ხელფასის ანაზღაურებას ითხოვენ. საწარმო „ავესში“ აცხადებენ, რომ კომპანიაში ფინანსური პრობლემა შეიქმნა და სახელფასო დავალიანება ერთ კვირაში დაიფარება. ხაშურის წყლისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოები საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა და ევროკავშირის მხარდაჭერითა და სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით მიმდინარეობს. მასშტაბური პროექტი ხაშურის მოსახლეობის 24-საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფას ითვალისწინებს.