განათლების სამინისტროსთან დირექტორთა კონკურსის კანდიდატების, მაია ეკალაძისა და დავით ფერაძის აქცია გრძელდება. დღეს პროტესტს სერტიფიცირების მიღმა დარჩენილი სხვა პედაგოგებიც შეუერთდნენ. მათი მოთხოვნები უცვლელია – აქციის მონაწილეები დირექტორთა კანდიდატების გასაუბრების პროცესის ხელახლა ჩატარებასა და დისკრეციულად დანიშვნის წესის გამოყენებას ითხოვენ.
მაია ეკალაძე და დავით ფერაძე განათლების სამინისტროსთან აქციას 29 ნოემბრიდან მართავენ. 5 დეკემბერს მაია ეკალაძეს განათლების მინისტრი პირადადაც შეხვდა, თუმცა შეხვედრა შედეგის გარეშე დასრულდა. ეკალაძის განცხადებით, მას დირექტორის სერტიფიკატზე უარი უსამართლოდ ეთქვა.
მაია ეკალაძემ განათლების სამინისტროსთან შიმშილობა 4 დეკემბერს დაიწყო, თუმცა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, რამდენიმე დღეში შეწყვიტა. ამჟამად, ეკალაძე და ფერაძე სამინისტროსთან აქციას 24-საათიან რეჟიმში განაგრძობენ.