იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ, დამოუკიდებელ იურისტთა ჯგუფმა, მოძრაობამ „ჩვენი ხმა“ და „დევნილთა ასოციაცია მშვიდობისათვის“, განათლების სამინისტროსთან აქცია გამართეს.
ანა დოლიძემ აქციაზე 15 წლის მოზარდის გარდაცვალების ფაქტზე განათლების სამინისტროს პასუხისმგებლობის საკითხი დააყენა. აქციის მონაწილეებმა საქართველოს მასშტაბით ფსიქოლოგების ცხელი ხაზის ამოქმედება და სკოლებში „ბულინგის“ წინააღმდეგ სახელმწიფო სტრატეგიის შემუშავება მოითხოვეს. აქციის მონაწილეებმა სამინისტროსთან იაკობ გოგებაშვილის ბიუსტს სიმბოლურად შავი ლენტი გაუკეთეს. აქციის მონაწილეები თავიანთ მოთხოვნებთან დაკავშირებით განათლების მინისტრის მოადგილეს ეკატერინე დგებუაძეს შეხვდნენ. ანა დოლიძის თქმით, მათ მიერ შეთავაზებულ ინიციატივებზე ეკატერინე დგებუაძისგან მხარდაჭერა მიიღეს.