ბათუმში სტუდენტების პროტესტი გრძელდება. მათ ღამე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაათენეს და განაცხადეს, რომ ამ ფორმით არჩევნების გაყალბება გააპროტესტეს. სტუდენტების თქმით, აქციის გამართვას დღეს 18:00 საათზეც გეგმავენ და სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებსაც მოუწოდებენ, პროტესტს შეუერთდნენ. მათივე განცხადებით, არჩევნების გაყალბების პროცესში უნივერსიტეტის რექტორი და კანცელარიის წევრებიც მონაწილეობდნენ. აღსანიშნავია, რომ გუშინ ინციდენტიც მოხდა, კერძოდ, იურიდიული ფაკულტეტის დეკანი იმ სტუდენტების ჯგუფს დაუპირისპირდა, რომლებიც სტუდენტებს პროტესტისკენ მოუწოდებდა.