ხმაური იყო ბათუმის ბულვარში მიმდინარე აქციაზე, სადაც მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებდნენ. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აქციაზე მისულ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, ირაკლი ჩავლეიშვილს დაუპირისპირდნენ, რომელიც უმაღლეს საბჭოში „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით შევიდა.
ჩავლეიშვილის განცხადებით, მისთვის მიუღებელია იმ პარტიის პროტესტი, რომლის მმართველობის დროსაც „ფაქტობრივად ბულვარის ოკუპაცია“ განხორციელდა.
აქციაზე შეკრებილები 16-სართულიანი შენობისთვის ნებართვის გაცემას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ ბულვარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და მრავალსართულიანი შენობის აგება კანონს ეწინააღმდეგება.