საქართველოს პრეზიდენტმა ანზორ ერქომაიშვილი, დაბადების 80 წელთან დაკავშირებით, ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა. ცერემონია ლანჩხუთის რაიონის სოფელ აცანის მაცხოვრის ეკლესიის ეზოში გაიმართა. მანმადე კი სალომე ზურაბიშვილმა, ანზორ ერქომაიშვილთან ერთად, ლანჩხუთის რაიონის სოფელ ზემო აკეთში წმინდა გიორგის ტაძრის ეზოში აღმოჩენილი ცნობილი ლოტბარების, ძმები ხუხუნაიშვილების საფლავები მოინახულა. აღმოჩენილია ხუხუნაიშვილების ანსამბლის ექვსი წევრის საფლავი.
ექსპედიცია ანზორ ერქომაიშვილის მოსწავლეებმა, ანსამბლ „შავნაბადას“ ხელმძღვანელმა დავით ცინცაძემ და ხუხუნაიშვილების სკოლის ხელმძღვანელმა ავთანდილ თურქიამ, ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ჩაატარეს.
ცნობილი მომღერლის, ლოტბარისა და კომპოზიტორის, ანზორ ერქომაიშვილის საიუბილეო წლისთვის საქართველოს პირველმა არხმა იმ მასალას გაციფრულება დაიწყო, რომელიც საქართველოს პირველი არხის ოქროს ფონდშია დაცული. ანზორ ერქომაიშვილის შემოქმედების სრული ვიდეო და აუდიო ციფრული ვერსიები მთელი წლის განმავლობაში აიტვირთება ჩვენს ვებგვერდზე – 1tv.ge და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მისი ნახვის საშუალება ექნება.