რუსეთის 32 ქალაქში გამართულ ანტისამთავრობო აქციებზე 800-მდე ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას „ბიბისი“ ადგილობრივ უფლებადამცველ ჯგუფებზე დაყრდნობით ავრცელებს. ყველაზე მეტი, 374 ადამიანი მოსკოვშია დაკავებული. დაკავებულთა რაოდენობა დიდია პეტერბურგშიც, სადაც ადგილობრივი მედიის ცნობით, რუსეთის სპეცსამსახურებმა ელექტროშოკები გამოიყენეს, ხოლო აქციის მონაწილეები ხელკეტების გამოყენებით დაშალეს. რუსეთში არასანქცირებული აქციები კანონით აკრძალულია. მოსკოვსა და სხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ქვეყანაში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა. რუსული მედიის ინფორმაციით, პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, საომარი მდგომარეობის დროს, საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარის თქმა, რუსეთში 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.