ქუთაისისა და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტების მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტები სახელმწიფო ენერგეტიკულ კომპანიებში ანაზღაურებად სტაჟირებას თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე გაივლიან, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ხუთ სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებელთან გააფორმა. ქუთაისისა და ბათუმის უნივერსიტეტების სტუდენტებს სტაჟირების პირობების შესახებ პრეზენტაცია ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის უფროსმა წარუდგინა. პროგრამის ფარგლებში, ბაკალავრიატის მე-3 და მე-4 კურსის მაღალი მოსწრების მქონე სტუდენტები შეძლებენ გაიარონ ანაზღაურებადი სტაჟირება, რომლის შემდგომ შესაძლებელია დამსაქმებელსა და სტაჟიორს შორის გაგრძელდეს შრომითი ხელშეკრულება.