„ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ დღეს ბრიფინგი გამართა და წინასაარჩევნო დარღვევებზე ისაუბრა. ანა წითლიძის თქმით, ენგურჰესის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ლევან მებონია პირადად ხელმძღვანელობს თანამშრომლობისათვის პირადობის მოწმობების ჩამორთმევას. მისივე განცხადებით, მებონია აწარმოებს მოლაპარაკებებს ოკუპირებულ აფხაზეთში დისლოცირებულ რუს ოკუპანტებთან, რათა მათ 24, 25, 26 ოქტომბერს ჩაკეტონ ენგურის ხიდი და იქ მცხოვრებმა ადამიანებმა არჩევნებში მონაწილეობა ვერ მიიღონ. თავად ლევან მებონია კი „მოამბესთან“ სატელეფონო საუბარში კატეგორიულად უარყოფს საარჩევნო კამპანიაში რაიმე სახით ჩარევას.