პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე დეოლიგარქიზაციის ერთ-ერთ გზად „დექართუიზაციას” მიიჩნევს და პარლამენტში შექმნილ სამუშაო ჯგუფს ამ იდეის განხილვას სთავაზობს. დოლიძის განცხადებით, მისი ხედვა პოლიტიკურ თანამდებობებზე დროებით „ქართუსთან“ დაკავშირებული და ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირების დანიშვნის შეზღუდვას გულისხმობს. დოლიძის თქმით, ეს არაფორმალურ მმართველობაზე საერთაშორისო ასპარეზზე და ქვეყნის შიგნით მოხსნის კითხვის ნიშნებს და უზრუნველყოფს ევროკავშირის 12-პუნქტიდან ერთის, დეოლიგარქიზაციის შესრულებას. პარტია „ხალხისთვის“ ლიდერის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკური ნების შემთხვევაში, მინისტრთა კაბინეტში, წარსულში, „ქართუსთან“ დაკავშირებული 6 მინისტრის შეცვლა მყისიერად შეუძლია. დოლიძის განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა დავითულიანი გამოეხმაურა.