მმართველი გუნდის მიერ დაანონსებული ამნისტიის შედეგად ციხე 800-მდე პატიმარმა უნდა დატოვოს. არ არის გამორიცხული, რომ ამნისტირებული მუხლების ჩამონათვალი კიდევ გაფართოვდეს, რისთვისაც პროფესიულ წრეებთან კონსულტაციები იგეგმება. უკვე ცნობილია, რომ ამნისტიის შესახებ კანონი ძირითადად ნარკოტიკული დანაშაულებისთვის მსჯავრდებულ პირებზე გავრცელდება, გამონაკლისი მხოლოდ ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის მუხლია. რეზონანსული კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენები დაიწყო. სხდომას არ დასწრებია სახალხო დამცველის წარმომადგენელი, რის გამოც ომბუდსმენის აპარატი მმართველი გუნდის ცალკეულ წევრთა კრიტიკის ობიექტი გახდა. პროექტის მიმართ ცალკეული შენიშვნები აქვს მესამე სექტორს.