„ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტს ხვალ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე განიხილავენ და ხვალვე რიგგარეშე სხდომაზე პირველი მოსმენით უყრიან კენჭს. მმართველი გუნდის მიერ მომზადებულ დოკუმენტში გათვალისწინებული ცვლილებების მიხედვით, ამნისტია შეეხება 2024 წლის პირველ ივლისამდე ჩადენილ მთელ რიგ დანაშაულებს, სისხლის სამართლის კოდექსის 300-მდე მუხლს და პატიმართა ერთ მესამედს. პროექტის მიხედვით, ამნისტია არ შეეხება: მკვლელობისთვის ნასამართლებ პირებს; ნარკორეალიზატორებს; სქესობრივ დანაშაულებს; ყაჩაღობას; ტერორიზმს; კორუფციულ და სამოხელეო დანაშაულებს, ქურდულ სამყაროს; კონვენციურ დანაშაულებს; ტრეფიკინგს და სხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებს. ოპოზიციის ნაწილი ამნისტიას ჰუმანურ აქტს, ნაწილი კი „ქართული ოცნების“ მიერ წინასაარჩევნოდ საზოგადოების მოსყიდვის მიზნით გადადგმულ ნაბიჯს უწოდებს. პარტია „გირჩი“ განხილვებში ჩართვას აპირებს და მათივე აზრით, მმართველი გუნდის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის მათ მიერ წარმოდგენილ ინიციატივასთან დაახლოება უნდა მოხდეს. მმართველ გუნდში კი ამბობენ, რომ კანონპროექტი დაბალანსებულია და მისი მიღებით ევროპულ სტანდარტთან დაახლოება მოხდება.