პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილეს. კანონპროექტით 1000-მდე ადამიანი საპატიმროს დატოვებს, 4 800-მდე პირს კი სასჯელი სხვადასხვა ვადით შეუმცირდება. კორექტირებული ვერსიით, ამნისტია კონკრეტული დათქმით შეეხება ცივი იარაღის ტარებისთვის მსჯავრდებულ პირებს, ასევე დაზარალებულის თანხმობის შემთხვევაში, ამნისტია შეეხება სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევისთვის და დოკუმენტების გაყალბებისთვის ბრალდებულ პირებს. შემდეგი ცვლილება შეეხება ნარკოტიკულ დანაშაულს, კონკრეტული მიმართულებებით. ამნისტია ასევე შეეხება დანაშაულის დაფარვისთვის და დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის გათვალისწინებულ სასჯელებს. კანონპროექტი არ შეეხება მკვლელობისთვის ნასამართლევ პირებს, ნარკორეალიზატორებს, სქესობრივ დანაშაულებს, ყაჩაღობას, ტერორიზმს, კორუფციულ და სამოხელეო დანაშაულებს, ქურდულ სამყაროს, კონვენციურ დანაშაულებს და სხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებს. ამნისტიის კანონპროექტს მეორე მოსმენით კენჭს მიმდინარე კვირაში უყრიან.