საქართველოში იმყოფებიან ამერიკელი სენატორები, რომლებიც თბილისში მიუნხენის კონფერენციაში მონაწილეობის შემდეგ ჩამოვიდნენ. ჯინ შაჰინი და დიკ დურბინი დღეს არაფორმალურ შეხვედრას გამართავენ ოპოზიციასთან, ხვალ კი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდებიან და დღის ბოლოს ვიზიტს პრესკონფერენციაზე შეაჯამებენ. თბილისში ჩამოსვლამდე სენატორებმა განცხადება გაავრცელეს, სადაც ყურადღება გამახვილებულია რუსეთიდან მომდინარე საფრთხეზე. ჯინ შაჰინი აღნიშნავს, რომ ვლადიმერ პუტინი რეგიონში თავისი გავლენის გავრცელებისთვის მოქმედებს, ამიტომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უფრო მტკიცე პოლიტიკა უნდა ჩამოაყალიბოს და უფრო მტკიცედ უნდა ითანამშრომლოს შავი ზღვის რეგიონის ქვეყნებთან. პუტინის პოლიტიკას ეხება დიკ დურბინიც „საქართველომ, რომელმაც საკუთარ თავზე გამოსცდა რუსეთის მხრიდან ქართული მიწების თავხედურად, სამხედრო ძალით მიტაცება 2008 წელს, ძალიან კარგად იცის პუტინის მხრიდან მომავალი საფრთხე. საბჭოთა კავშირიდან გამოყოფას თან ახლდა დიდი პერსპექტივა ქვეყნის მომავლის განსაზღვრისა, უშუალოდ ტრანსატლანტიკურ დემოკრატიულ საზოგადოებებში – ხედვა, რომელიც ჯერ ბოლომდე არ არის განხორციელებული და რომელიც იმედი მაქვს კიდევ უფრო წახალისდება ამ ვიზიტის განმავლობაში.” – წერს დიკ დურბინი.
ერთობლივ განცხადებაში ხაზგასმულია საქართველოში ჩასატარებელი არჩევნების მნიშვნელობა და მოწოდებაა პარტნიორებისადმი, რომ ეს საკითხი პრიორიტეტულად მიიჩნიონ. თბილისში ვიზიტის შემდეგ სენატორები რუმინეთში გაემგზავრებიან.