ამერიკელი სენატორების განცხადებით, დიდ შვიდიანში ვლადიმერ პუტინის დაბრუნება დაუშვებელია და ამის ერთ-ერთი მიზეზი საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაა. ამის შესახებ ნათქვამია საჯარო წერილში, რომლითაც კანონმდებლებმა დონალდ ტრამპს მიმართეს. მათი თქმით, დიდი შვიდიანის დანიშნულება არის „დემოკრატიული ქვეყნების ეკონომიკური განვითარება საერთაშორისო კანონმდებლობისა და საერთო ღირებულებების დაცვით“, ხოლო რუსეთი არ წარმოადგენს არც დემოკრატიულ ინსტიტუციებს და არც ეკონომიკურ ძალას, რომელიც უნდა შეუერთდეს ჯგუფს“.
წერილში აღნიშნულია, რომ რუსეთი დიდი რვიანიდან 2014 წელს, ყირიმის უკანონო ანექსიის გამო გარიცხეს და რუსეთის ხელისუფლების ეს ქმედება იყო უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო შეთანხმებების უხეში დარღვევა, ამიტომ რუსეთის მთავრობა არ იმსახურებს ნდობას, იყოს წარმოდგენილი ლიდერად მსოფლიო ასპარეზზე. ამას გარდა, ამერიკელი სენატორების თქმით, რუსეთი, დიდი რვიანიდან გარიცხვის შემდეგაც არაფრად აგდებდა საერთაშორისო ნორმებს და კანონის უზენაესობის პრინციპს. რუსეთის ასეთი ქცევის მაგალითებს შორის წერილში ნახსენებია საქართველოს ოკუპაციის გაგრძელებაც.