ამერიკის საელჩოს მისამართით გაჟღერებულ ბრალდებებს ამერიკელი მაღალჩინოსანი ეხმაურება.
„შემაშფოთებელი პირადი თავდასხმები“ – ასეთ შეფასებას აძლევს თბილისში ვიზიტით მყოფი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე დიპლომატიური მისიის მიმართ ბოლო პერიოდში გაკეთებულ განცხადებებს. ბონი დენის ჯენკინსს დღეს იმის ხაზგასმა მოუხდა, თუ რა დიდ ძალისხმევას ეწევა ამერიკის ელჩი საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუციების გასავითარებლად და რამდენად მნიშვნელოვან სამუშაოებს ატარებს. ჯენკინსს არ დაუკონკრეტებია, გულისხმობდა თუ არა ის თავდასხმების ავტორებად ახლად შექმნილი „ხალხის ძალის“ ლიდერებთან ერთად მმართველი გუნდის წევრებსაც.
„ქართული ოცნება“ საკუთარ თავს დღევანდელი განცხადების ადრესატად არ მიიჩნევს და მედიას ანტიამერიკულ იმ განცხადებებს ახსენებს, რომლებიც ოპოზიციის რიგებიდან რამდენჯერმე გაისმა. შენიშვნებს არც მმართველი პარტიიდან წასული დეპუტატების მიერ შექმნილი მოძრაობა იღებს. ის, რაც ოპოზიციის მხრიდან საერთაშორისო პარტნიორებზე თავდასხმებად და ანტიდასავლურ რიტორიკად ფასდება, „ხალხის ძალისთვის“ მხოლოდ კითხვების დასმაა.