ამერიკელმა კონგრესმენებმა, აშშ-სა და საქართველოს შორის სავაჭრო და საინვესტიციო კავშირების განმტკიცების მოწოდებით, აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს, კეტრინ ტაის წერილით მიმართეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
საგარეო უწყების ცნობით, წერილში ხაზგასმულია საქართველოს საკვანძო გეოგრაფიული მდებარეობა, რაც მას იდეალურ პარტნიორად აქცევს მსოფლიოში არსებული დაძაბულობისა და არასტაბილურობის ფონზე. საქართველოს როგორც ღირებულ პარტნიორს, მათ შორის, ენერგოუსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით, აღიარებს ასევე ევროკავშირიც, რასაც მოწმობს ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ჩათვლით. წერილში ხაზგასმულია აშშ-სა და საქართველოს შორის მნიშვნელოვანი მოკავშირეობა და სტრატეგიული პარტნიორობა.