კონგრესში „საქართველოს მხარდაჭერის აქტი“ წარადგინეს

საქართველოს ოკუპირებული რეგიონები და მოქალაქეთა უფლებების დარღვევაა ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ამერიკელი კონგრესმენების მიერ მომზადებულ დოკუმენტში.

საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა ჩვენს ქვეყანაზე ორპარტიული მხარდაჭერის აქტი წარმომადგენელთა პალატაში უკვე მეორედ წარადგინეს. ადამ კინზინგერის და გერი კონოლის ავტორობით მომზადებული დოკუმენტი მკაფიო და მწვავე მოწოდებებს შეიცავს რუსეთის მიმართ. აქტში რუსეთი არეულობის გამღვივებლად, უფლებების სერიოზულ დამრღვევად და დანაშაულების ჩამდენ ძალად არის მოხსენიებული. კონგრესმენები ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დამრღვევთა მიმართ სანქციების ამოქმედებასაც ითხოვენ. აქტში საუბარია თავისუფალ და სამართლიან არჩევნებზეც, სწორედ ეს ნაწილი გახდა ქართულ პოლიტიკურ სპექტრში არაერთგვაროვანი ინტერპრეტაციების საგანი.