ხელისუფლების პასუხი კონგრესმენებს

ცალკეული ამერიკელი კონგრესმენების კრიტიკული გამოსვლები გრძელდება.

მორიგი განცხადების ავტორი რესპუბლიკელი პიტ ოლსონია, რომელმაც საქართველოს ხელისუფლება ტეხასური ნავთობ-კომპანია „ფრონტერას“ გამო მწვავედ გააკრიტიკა და მთავრობას კორუმპირებული უწოდა. „ფრონტერას“ საქმე საქართველოს საინვესტიციო გარემოს გაუარესების კონტექსტში სხვა კონგრესმენების წერილებშიც იყო ნახსენები. საქართველოში ნავთობის მოსაპოვებლად 1997 წელს შემოსულ ამერიკულ კომპანიასთან სახელმწიფოს სკოკჰოლმის საარბიტრაჟო სასამართლოში ახლა დავა აქვს. „ფრონტერა“ მიუღებელი მოგების ანაზღაურებას ითხოვს, ნავთობის და გაზის კომპანია კი მას ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობას ედავება. მმართველი გუნდი დავის დასრულებას ელოდება, მანამდე კი ცალკეული კონგრესმენის გამოსვლაში ლობისტურ ინტერესებს ხედავს. „ქართული ოცნების“ ლიდერები არც კომუნიკაციის კუთხით არსებულ ხარვეზებს უარყოფენ და ვაშინგტონში ვიზიტისთვის ემზადებიან.