აშშ-ის კონგრესმენების წერილი - პოლიტიკური შეფასებები

29 ამერიკელი კონგრესმენი საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელზე წერილს აქვეყნებს, სადაც ისინი შეშფოთებას გამოთქვამენ და მთავრობის მეთაურს მოუწოდებენ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი უკან გაიწვიოს.

წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი განცხადებით, ისინი შეუერთდებიან სენატში სხვა კოლეგებს, საქართველოს მიმართ აშშ-ის პოლიტიკაში ფუნდამენტური ცვლილებების წახალისებაში. მათ შორის – აშშ-ის ფინანსური დახმარების გადახედვის თაობაზე, შეერთებულ შტატებში სავიზო რეჟიმის გაფართოებისა და ფინანსური სანქციების ჩათვლით მათზე, ვინც პასუხისმგებელია საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის საფრთხის შექმნაზე. კონგრესმენების მიმართვას დღეს პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა.