საზეიმო მსვლელობით მოიარეს შობის მახარობლებმა მარნეულის ქუჩებიც. ალილო დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძრიდან დაიწყო. მსვლელობას ცხენზე ამხედრებული ქართულ ტრადიციულ სამოსში გამოწყობილი ახალგაზრდები და ბავშვები უძღვებოდნენ, მათ უკან კი მწყემსები მიჰყვებოდნენ, რომლებიც ქრისტეს შობის მახარობლებს განასახიერებდნენ.
ვლაქერნის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძრიდან დაიწყო ალილო ზუგდიდში. სამღვდელოება და მრევლი ქალაქის ცენტრისკენ მსვლელობით დაიძრა. გზადაგზა მათ საჩუქრები და ტკბილეულობა შეაგროვეს, რომლებსაც გაჭირვებულ ოჯახებს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს გადასცემენ.
სოციალურად დაუცველ მოსახლეობას მიუტანენ შემოწირულობებს ფოთშიც. ალილოს მოქალაქეებთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.
ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრიდან დაიწყო საზეიმო მსვლელობა ბათუმში. ალილოს მონაწილეები სასტუმრო ლეო-გრანდთანაც მივიდნენ და ხანძრის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.