ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, „მოქალაქეების“ ძალისხმევის შედეგად, პირველი იანვრიდან „ლიბერთი ბანკში“ საპენსიო სესხების ზედა ზღვარი 26% იქნება. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ელისაშვილმა განაცხადა, აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ხანგრძლივი და სიღრმისეული მუშაობა. შედგა არაერთი შეხვედრა, მათ შორის გაიმართა განხილვა საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტზე, „ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორის, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა და ფინანსთა მინისტრების მოადგილეების მონაწილეობით. პარლამენტში შეიქმნა ერთობლივი სამუშაო ჯგუფი საპენსიო სესხის საპროცენტო განაკვეთის შემცირების მიზნით. ელისაშვილის თქმით, „მოქალაქეების“ ინიციატივით, პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, შეიქმნა უწყებათაშორის კომისია, რომლის ამოცანაც იყო პენსიების არსებული სისტემის შესწავლა, ამ პროცესში არსებული ხარვეზების იდენტიფიცირება და მათი ანალიზი.
.