კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრმა ალეკო ელისაშვილმა დღეს დედაქალაქში ის რამდენიმე ადგილი მოინახულა, სადაც მისი თქმით, „ქართული ოცნების“ დაპირებები არ განხორციელდა. ერთ-ერთი პირველი ლოკაცია „ლაგუნა ვერე“ იყო. როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, საცურაო კომპლექსის რეაბილიტაციასთან დაკავშირებული დაპირება, რომელიც კახი კალაძემ გასცა, არ შესრულდა და მის ნაცვლად, ცათამბჯენების მშენებლობაა დაგეგმილი.
ელისაშვილი ასევე იმყოფებოდა სამგორის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზეც, სადაც მისი განმარტებით, დედაქალაქის მერის კიდევ ერთი დაპირება, აღნიშნული მეტროსადგურიდან რუსთავამდე მიწისზედა მეტროს მშენებლობის შესახებ ამ დრომდე შეუსრულებელია.
თბილისის ტურის ფარგლებში, ელისაშვილი ყოფილი იპოდრომის ტერიტორიასაც ეწვია. მისი თქმით, მწვანე ლანდშაფტის შენარჩუნების ნაცვლად, მიმდინარეობს ტერიტორიის დაბეტონება, პარალელურად კი იგეგმება ტყის მასივის გაჩეხვა და შვიდი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა.
ელისაშვილის ბრალდებას კახი კალაძე გამოეხმაურა, რომლის განმარტებითაც იპოდრომის ყოფილ ტერიტორიაზე არანაირი კორპუსების მშენებლობა არ იგეგმება.