ახლო აღმოსავლეთის რეგიონი საომარი არეალის გაფართოების ზღვარზეა.
„ჰამასის“ პოზიციების თითქმის ერთწლიანი დაბომბვის შემდეგ ისრაელი ვექტორს ჩრდილოეთისკენ მიმართავს. ისრაელის მთავრობის გეგმა „ჰეზბოლას“ წინააღმდეგობის დასუსტება, სასაზღვრო რაიონებში უსაფრთხოების უზრუნველყოფა და მოსახლეობის დაბრუნებაა. სწორედ ამ გეგმას ემთხვევა „ჰეზბოლას“ წევრების საკომუნიკაციო საშუალებების მასობრივი აფეთქება. პეიჯერების შემდეგ ლიბანში რაციებიც ააფეთქეს. ისრაელის ხელისუფლება მსხვერპლით დასრულებულ ოპერაციაზე ისევ დუმს, თუმცა ლიბანური დაჯგუფება პასუხისმგებლობას სწორედ ოფიციალურ თელავივს აკისრებს და შურისძიებით ემუქრება. ევროკავშირი და გაერო რეგიონში კონფლიქტის ესკალაციის რისკების ზრდაზე მიუთითებს, რასაც გავლენა არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთზე, არამედ უფრო დიდ გეოგრაფიულ არეალზე ექნება.