„ჰეზბოლას“ ლიდერის ლიკვიდაციამ ახლო აღმოსავლეთში ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების დაწყების საფრთხე კიდევ უფრო გაზარდა.
ისრაელის მხრიდან ლიბანში სამხედრო ოპერაციის დაწყების გეგმა საერთაშორისო საზოგადოების კიდევ ერთი გამოწვევაა. ოფიციალური თელ-ავივი ლიბანის სამხრეთ ნაწილზე ინტენსიურ ავიაიერიშებს განაგრძობს და ცეცხლის შესაწყვეტად რამდენიმე პირობას ასახელებს. დაღუპული და დაშავებულია ათეულობით ადამიანი. მუქარის შემცველი გზავნილები ისმის „ჰეზბოლას“ მხრიდან. ლიბანის მთავრობა კი ქვეყნის სამხრეთ რეგიონებში შეიარაღებული ძალების განთავსებას აანონსებს. „ჰეზბოლას“ ცენტრალურ შტაბ-ბინაზე შეტევის და დაჯგუფების ლიდერ ჰასან ნასრალის ლიკვიდაციის შემდეგ იზრდება ირანის მხრიდან თავდასხმის რისკი, რაზეც ამერიკული მედია აქტიურად წერს.