საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ახალი ვიდეორგოლი მზადდება. ახალი ტურისტული ვიდეორგოლის გადასაღებად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ამერიკის შეერთებული შტატებიდან პოპულარულ გადამღებ ჯგუფს მასპინძლობს. Mystery Box-ის მაღალრეიტინგული ვიდეოგრაფების ჯგუფი ჯეიქობ ქეითი შვარც (Jacob + Katie Schwarz) საქართველოს შესახებ ვიდეორგოლს 8K ხარისხის ფორმატში გადაიღებს.
ტურის ფარგლებში, ოთხკაციანმა ჯგუფმა თბილისი, მცხეთა, ზუგდიდი, მესტია, უშგული, მარტვილი, ქუთაისი, კაცხის სვეტი მოინახულეს და გადაიღეს. ვიდეორგოლში საქართველოს ბუნება, კურორტები, კულტურა, ძეგლები, სამზარეულო და ღვინო იქნება წარმოდგენილი. ვიდეორგოლი ჯგუფის YouTube გვერდზე აიტვირთება. გვერდზე გამომწერების რაოდენობა 726 ათასს შეადგენს, ხოლო ვიდეოების საერთო დათვალიერების რაოდენობა ჯამში 385 მილიონამდეა. გადამღები ჯგუფი საქართველოს, ქალაქ სან-ფრანცისკოში საქართველოს გენერალური საკონსულოს თანაორგანიზებით ეწვია.