„ნაციონალური მოძრაობის“ შეთავაზება ხელისუფლებას.
პარტიის თავმჯდომარედ არჩევიდან მეორე დღეს, ლევან ხაბეიშვილი მმართველ გუნდს გარიგებას სთავაზობს. მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების სანაცვლოდ პარლამენტიდან და საკრებულოებიდან „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატების გასვლა – ასეთია პირობა. თუმცა, საპარლამენტო ბოიკოტის საკითხზე თვეებია, გუნდის შიგნით აზრთა სხვადასხვაობაა. მანდატებზე უარის იდეას არ ემხრობა ხატია დეკანოიძეც, რომელმაც შიდა არჩევნებიდან რამდენიმე საათში პარტიის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. სანამ პარტიის ახალი ლიდერი თავისი მთავარი საარჩევნო დაპირების, ანუ ექს-პრეზიდენტის გათავისუფლების და ყველა ფლანგზე წინააღმდეგობის გაძლიერების გეგმას სახავს, წინასაარჩევნო მარათონის თანმდევი ბრალდებები და ფარული ჩანაწერების სკანდალი კიდევ ერთხელ აქტიურდება. აუდიო მასალას, სადაც, სავარაუდოდ, ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს, „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი 2016 წლით ათარიღებს და მის ავთენტურობას ადასტურებს. მელიას ვერსია, რომლის მიხედვით ჩანაწერი ყოფილი ძალოვნების მიერ არის გავრცელებული, ჩერგოლეიშვილმა კიდევ უფრო გაამყარა. ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერ ლიდერებს განმარტებების რეჟიმში უწევთ ყოფნა.