გეგმავს თუ არა ნიკა მელია ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნას – ოპოზიციურ სპექტრში ეს საკითხი კიდევ ერთხელ გააქტიურდა, მიუხედავად იმისა, რომ თავად ნიკა მელიას თანამოაზრეები ჯერ არ ადასტურებენ, არის თუ არა მათ გეგმებში „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვება და პოლიტიკურ სივრცეში ახალი პარტიის სახით პოზიციონირება.
ბაჩო დოლიძე ამბობს, რომ ახლა მათთვის მთავარი ამოცანა „ნაციონალურ მოძრაობაში“ ერთიანობის შენარჩუნებაა, რაც იმაზე იქნება დამოკიდებული, როგორ პასუხს მიიღებენ ლევან ხაბეიშვილის ფლანგისგან შეთავაზებაზე, რომელიც მათ შორის ყრილობაზე შერჩეული პოლიტსაბჭოს შემადგენლობის ანულირებასა და ახალი პოლიტსაბჭოს ჩამოყალიბებაში უნდა აისახოს. ნიკა მელიას გეგმების შესახებ არაფერი იციან „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა წევრებმაც. მათი თქმით, ნიკა მელიამ თავად უნდა გადაწყვიტოს, რა გზას აირჩევს. პარალელურად, ახალი პარტიის შექმნას არ გამორიცხავს „ნაციონალური მოძრაობიდან“ უკვე წასული ხატია დეკანოიძე, რომელიც ამბობს, რომ აშკარაა ოპოზიციურ ფლანგზე ლანდშაფტის შეცვლის აუცილებლობა და კითხვაზე, – შესაძლოა თუ არა, რომ მან თავად შექმნას პარტია, – პასუხობს, რომ პოლიტიკაში გამორიცხული არაფერია.