ახალი პარლამენტის პირველი სხდომა

ოპოზიციის ბოიკოტის მიუხედავად, მე-11 მოწვევის პარლამენტის სხდომა უკვე ჩანიშნულია.

ახლად არჩეული პარლამენტი 25 ნოემბერს შეიკრიბება და როგორც პარლამენტის, ისე 150-ივე დეპუტატის უფლებამოსილებას ცნობს. შესაბამისი პროცედურებისთვის 76 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო, მმართველი გუნდი კი საკანონმდებლო ორგანოში 89 მანდატით არის წარმოდგენილი. ოპოზიციის მსგავსად პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს საქართველოს პრეზიდენტიც, თუმცა საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობისთვის დაბრკოლება ვერც ეს იქნება. სალომე ზურაბიშვილის ნაცვლად სხდომას უხუცესი დეპუტატი ვლადიმერ კახაძე გახსნის.

გამოიყენებს თუ არა ვინმე ოპოზიციის 61 არჩეული დეპუტატიდან, საკუთარ მანდატს – ეს უახლოეს მომავალში გაირკვევა, თუმცა მმართველი გუნდი წარსული გამოცდილების გათვალისწინებით დარწმუნებულია, რომ ოპონენტები ადრე თუ გვიან საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთვებიან.