გადაჯგუფებები ოპოზიციურ ფლანგზე.
ერთიანი ალიანსის ნაცვლად არჩევანი რამდენიმე ალტერნატიულ ცენტრზე გაკეთდა. საპარლამენტო არჩევნების წინ ერთიანდებიან გვარამია-მელიას „ახალი“, ელენე ხოშტარიას „დროა“ და „გირჩი-მეტი თავისუფლება“ – ყველა მათგანს წარსული პოლიტიკური საქმიანობა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრობა აერთიანებს. პლატფორმის სახელწოდებაზე ფიქრობენ, საარჩევნო ნომერი კი ოთხი იქნება. ერთობაში არ იქნება „ლელო“ – როგორც ჩანს, ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიიდან სხვადასხვა დროს წამოსული აქტორები ვერ შეთანხმდნენ მამუკა ხაზარაძის გუნდთან, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა ყველა პროდასავლურ პოლიტიკურ ძალასთან თანამშრომლობის ალბათობას უშვებს. როგორც ჩანს, „ლელო“, ისევე როგორც გიორგი გახარიას პარტია, არჩევნებში დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას. წინასაარჩევნო კამპანიას იწყებს კიდევ ერთი ახალი პლატფორმა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ განახლებულ შემადგენლობას და ამავე პარტიიდან წასული გიორგი ვაშაძის „სტრატეგია აღმაშენებელს“ აერთიანებს. ყოფილი მმართველი პარტიის არაერთი მცდელობის მიუხედავად, ერთიანი ოპოზიციური კოალიციის ფორმირება და საერთო სიაზე შეთანხმება ვერ მოხერხდა. კამპანიის დაწყება „ნაციონალურ მოძრაობას“ მორიგი შიდა დაპირისპირების ფონზე უწევს. პარტიაში ახალი სახეების გამოჩენის პარალელურად, დიდი ალბათობით, გაერთიანებაში გავლენებისთვის ბრძოლის ახალი ეტაპი იწყება.