მსოფლიოს წამყვან ქვეყნებს ახლა კიდევ ერთი საფიქრალი აქვს: ინფიცირებულთა კლების ფონზე, როგორ მოხსნან შეზღუდვები ეტაპობრივად ისე, რომ პანდემიამ ხელახლა არ იფეთქოს. საუბარია იმ ქვეყნებზე, რომლებიც „კოვიდ-19“-მა ყველაზე მეტად დააზარალა.
იტალიაში, ესპანეთსა და საფრანგეთში შეზღუდვების ეტაპობრივად შერბილება უკვე დაანონსდა, თუმცა ვირუსთან ერთად ცხოვრება და ყოველდღიურ ცხოვრებაში სოციალური დისტანცირებისა და სხვა წესების დაცვა მოსახლეობას, სავარაუდოდ, კიდევ დიდხანს მოუწევს.
მკაცრი საკარანტინო რეჟიმის გაუქმება ჯერ მოსალოდნელი არ არის დიდ ბრიტანეთში, სადაც ბოლო ერთ დღეში 616 ადამიანი დაიღუპა, საავადმყოფოებში გარდაცვლილთა რიცხვმა კი 19 000-ს მიაღწია. შეზღუდვების შერბილებას ჯერ არ ჩქარობს აშშ-იც.