საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა.
მეორე დღეა, „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა დღიური მაჩვენებელი 500-ს აჭარბებს. რეგიონული გადანაწილების მიხედვით, ლიდერობს ისევ აჭარა, სადაც დღევანდელი 578 შემთხვევიდან ყველაზე ბევრი, 416 ფაქტი გამოვლინდა. მონაცემების მატების ტენდენციაა თბილისში, ასევე იმერეთში. ვირუსული ინფექცია დაფიქსირდა ხუთამდე სკოლაში. დაიხურა ოქროს ბირჟა, სადაც კორონავირუსი რამდენიმე მოვაჭრეს აღმოაჩნდა. დღევანდელი მონაცემები დაავადებათა კონტროლის ცენტრის ერთი კვირის წინანდელ პროგნოზს ემთხვევა. მაჩვენებლების ყოველდღიური მკვეთრი მატების ფონზე ქვეყანას ამ მომენტისთვის 540 თავისუფალი საწოლი და ნახევარ მილიონზე მეტი „პისიარ“-ტესტის მარაგი აქვს.