ნახტომისებურად გაზრდილი მაჩვენებელი ბოლო 24 საათში.
საქართველოში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა დღევანდელი რაოდენობა უკვე 700-ს მიუახლოვდა. 680 ახალი შემთხვევიდან თითქმის ნახევარი თბილისს უკავშირდება, შესაბამისად დედაქალაქში ახლა ყველაზე მძიმე ვითარებაა. მკვეთრი მატებაა იმერეთსა და სამეგრელო-ზემო სვანეთშიც. საგრძნობლად გაიზარდა ინფიცირებული მედიკოსების რაოდენობაც. მარტო დღეს სამედიცინო პერსონალში 54 შემთხვევაა გამოვლენილი. ვირუსი დადასტურდა რამდენიმე სკოლასა და ბაღში. ეპიდ-აფეთქებაა ფოთში მდებარე სამკერვალოში, სადაც უკვე 116 თანამშრომელი დაინფიცირდა.
გაუმკლავდება თუ არა პაციენტთა დიდ ნაკადს ჯანდაცვის სისტემა – მთავრობაში ამბობენ, რომ ქვეყნის მასშტაბით ამ დროისთვის 2200-მდე საწოლია თავისუფალი, საჭიროების შემთხვევაში კი საწოლ-ფონდი კიდევ 2 ათასით გაიზრდება. პაციენტთა ბინაზე მართვა გრძელდება ონლაინ-კლინიკების მხრიდანაც, მსუბუქი და უსიმპტომო პაციენტები ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან „კოვიდ“-სასტუმროებშიც.