გაუარესებული კოვიდ-სტატისტიკის გამო ეპიდემიოლოგების დამატებითი ჯგუფების მობილიზება ხდება საჭირო.
უნდა დაჩქარდეს ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა კონტაქტების მოძიება და მათი იზოლირება. დაავადების გავრცელების დინამიკა საკმაოდ მაღალ ნიშნულზე რჩება. მეორე დღეა, ქვეყანაში 400-ზე მეტი ინფიცირებული ვლინდება და ეს მაშინ, როდესაც დღიურად „პისიარ“-ტექნოლოგიით საშუალოდ 9 000-ზე მეტი ადამიანის ტესტირება ხდება. დღევანდელი 453 შემთხვევის გეოგრაფიული გადანაწილების მიხედვით, პირველ ადგილზეა აჭარა, მონაცემების მატების ტენდენციაა თბილისსა და იმერეთის რეგიონში. სეზონური ვირუსების მოახლოების ფონზე კიდევ უფრო მეტ აქტუალობას იძენს ტესტების მარაგების საკითხი. ტესტირების არსებულ პროტოკოლსა და მიზნობრივი ჯგუფების ჩამონათვალში შესაძლოა ცვლილება შევიდეს.