საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი უკვე 300-ს გადასცდა.
გარდაიცვალა ოთხი ადამიანი. ეპიდაფეთქების ყველაზე მეტი კერა ისევ აჭარაშია, სადაც 314 ახალი შემთხვევიდან 225-ია გამოვლენილი. ეპიდემიოლოგების განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია ბათუმის მოხუცთა თავშესაფარი, სადაც დაავადებულთა რაოდენობა გაიზარდა და კორონავირუსი კიდევ 13 ხანდაზმულს დაუდასტურდა, ინფიცირებულები არიან პანსიონატის თანამშრომლებიც.
ინფიცირებულთა ნახტომისებური მატების ტენდენცია სექტემბრიდან დაიწყო. 12 სექტემბერს დღიურმა მაჩვენებელმა პირველად მიაღწია სამნიშნა რიცხვს. მკვეთრად გაზრდილია ოქროს სტანდარტით ტესტირების რაოდენობაც. ამ მომენტისთვის ქვეყანას ნახევარ მილიონამდე „პისიარ“-ტესტის მარაგი აქვს.