საქართველოში დღეს არსებული ვითარება პიკის წინა პერიოდად ფასდება. ბოლო ოთხი დღის განმავლობაში, ყოველდღიურად ახალი შემთხვევების მზარდი დინამიკა ფიქსირდება. პიკს კი თვის ბოლოს ვარაუდობენ. ახლა განსაკუთრებული აქცენტი ჰოსპიტალური სექტორის მზადყოფნაზე, პირველადი ჯანდაცვის სისტემის გამართულად მუშაობაზე და ე.წ. ცხელების ცენტრებზე კეთდება, სადაც „კოვიდ 19“-ის ყველა შესაძლო შემთხვევის გადამისამართება ხდება.
ინფიცირების არეალის შესამცირებლად გაფართოებულია სწრაფი ტესტების მიზნობრივი კატეგორია. სწრაფი ტესტები ჩაუტარდება სამედიცინო პერსონალსაც. სიახლეა მოსალოდნელი მძიმე პაციენტების მკურნალობის პროცესშიც. შესაძლოა, გამოჯანმრთელებულთა სისხლის პლაზმით მკურნალობა შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ საქართველოშიც დაინერგოს.