საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ წეროვანში დღეს ახალი სარეაბილიტაციო კომპლექსის მშენებლობა დაათვალიერა, რომელიც სამხედროებს საშუალებას მისცემს, რეაბილიტაცია უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გაიარონ.
სარეაბილიტაციო ცენტრში გრძელვადიანი რეაბილიტაციის საშუალება ექნებათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს. მთავრობის მეთაურმა სარეაბილიტაციო ცენტრის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, რომლის დასრულება წლის ბოლომდე იგეგმება და ამერიკელ პარტნიორებს პროექტის განხორციელებაში გაწეული დახმარებისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა. შენობა აღჭურვილი იქნება სამკურნალო-სარეაბილიტაციო აუზით და შესაბამისი ადაპტირებული სპორტული და სარეაბილიტაციო ინვენტარით. ცენტრში განთავსებული იქნება მოედანი მჯდომარე ფრენბურთისა და კალათბურთისთვის.