რა პერსპექტივა აქვთ ქვეყნებს, რომლებსაც, საქართველოს მსგავსად, ევროკავშირის წევრობა სურთ – შესაძლოა, დისკუსიის საგანი გახდეს საფრანგეთის პრეზიდენტის იდეა, რომელიც სტრასბურგში, ევროპის დღისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე გახმოვანდა.
ემანუელ მაკრონი ახალი პოლიტიკური გაერთიანების შექმნის მომხრეა ისეთი ქვეყნებისთვის, რომლებსაც ევროკავშირში გაერთიანება სურთ. საფრანგეთის პირველი პირის აზრით, მსგავსი პარალელური ორგანიზაცია წევრობის მსურველებს ინტეგრაციის პროცესში უნდა დაეხმაროს. ინიციატივა მას შემდეგ გაჟღერდა, რაც მაკრონმა ევროკავშირში უკრაინის გაწევრიანება ათწლეულების პერსპექტივად მიიჩნია. ახლა საინტერესოა, ექნება თუ არა ევროკავშირის წამყვანი ქვეყნის პირველი პირის იდეას მხარდაჭერა ევროკავშირის წევრი ქვეყნებისგან და იგულისხმება თუ არა ალტერნატიული ალიანსის პოტენციურ წევრებს შორის საქართველოც, რომელიც უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ელის.