ახალი დეტალები ე.წ. თაღლითური ქოლცენტრების საქმეში – საქართველოს პროკურატურამ გახსნილი ტრანსნაციონალური დანაშაულის ფარგლებში, სისხლის სამართლებრივი დევნა კიდევ ხუთი პირის მიმართ დაიწყო. ამავე საქმეში ფიგურირებს თავდაცვის ყოფილი მინისტრი. როგორც გამოძიება ამტკიცებს, სწორედ დავით კეზერაშვილისა და მისი ოჯახის წევრების საბანკო ანგარიშებზე გადარიცხა დანაშაულებრივი ჯგუფის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა მილიონ დოლარზე მეტი. სისხლის სამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო და საერთაშორისო ძებნა გამოცხადდება საქართველოს ორ მოქალაქეზე. გამოძიების ინფორმაციით, ისინი პირადად უძღვებოდნენ დანაშაულებრივ საქმიანობას. ორგანიზებული ჯგუფის კიდევ სამი წევრი კი სამართალდამცველებმა თაღლითობისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დააკავეს – დანაშაულებრივი სქემით ჯამში ევროპის ქვეყნების მოქალაქეების კუთვნილი სამ მილიონ ევროზე მეტია მითვისებული.